ხადას ხეობა
ხადას ხეობა - უცნობი სულიერი და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინტერდისციპლინური კვლევა

პროექტის მიზანია თავისი თვითმყოფადობით გამორჩეული ისტორიულ - ეთნოგრაფიული კუთხე, ხადა შევისწავლოთ ფუნდამენტურად, კომპლექსურად, მისი წარსულისა და თანამედროვეობის გათვალისწინებით. ისტორიულ - ეთნოგრაფიული მონაცემების შესწავლა ცხადყოფს, რომ ხადას თემი, სოფელ ქვეშეთსა და ჯვრის უღელტეხილს შორის მოქცეული ტერიტორია, რომელიც ორ ძირითად ნაწილად იყოფოდა: ,,გაღმა ჴადად“ (XIV საუკუნის ისტორიკოსის, ჟამთააღმწერლის მიხედვით - ,,ციკარეს“ სახელით, ხოლო ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით ,,ციკარას“ სახელწოდებით) და ,,გამოღმა ჴადად“ (იგივე დიდველი, რუსების მიერ კაიშაურის ველად წოდებული). ხადაში მრავალი საინტერესო არქიტექტურული ძეგლის არსებობა მეტყველებს საუკუნეთა მანძილზე უწყვეტად მიმდინარე მშენებლობაზე. სხვადასხვა ფუნქციის მქონე შენობებიდან გვხვდება რელიგიური, საფორტიფიკაციო და საცხოვრებელი დანიშნულების მქონე ნაგებობები. აღსანიშნავია ციხესიმაგრეთა სიჭარბე. განსაკუთრებით გამორჩეული ადგილი უკავიათ ზურგიან კოშკებს. სვანეთის გარდა, საქართველოში არ გვხვდება ამ რაოდენობის კოშკი, ასეთ მცირე ტერიტორიაზე. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ხადაში აღმართული ყოფილა 80 კოშკი, ამათგან 20 გამოღმა ხადაში, ხოლო 60 გაღმა ხადაში (გაღმა ხადაში ვახუშტიც 60 კოშკს ასახელებს).
დღეს, აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, ხადას ხეობის გავლით, ხორციელდება ქვეშეთი - კობის ცენტრალური საგზაო მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს ამ ხეობის ხელუხლებელ ბუნებასა და ტრადიციულ კულტურაში. ყოველივე ამის გათვალისწინებით, პროექტის ფარგლებში, ჩვენი მიზანია ხადას ხეობის შესწავლა დღემდე შემონახული ავთენტური სახით, საგზაო მაგისტრალის მშენებლობით გამოწვეული ხელოვნური ზემოქმედების გარეშე.
აღნიშნული კვლევა წარმოადგენს 2023 წლის შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების გამარჯვებულ პროექტს (FR-22- 18207)