ხადას ხეობა

სოფელი ქოროღო - მდებარეობს მთიულეთის ქედის სამხრეთ კალთაზე. ისტორიულ წყაროებში გვხვდება ადრეული შუა საუკუნეებიდან. აქ გადიოდა ჩრდილოეთ კავკასიასთან დამაკავშირებელი გზა. 2002 წლის მონაცემებით სოფელში 6 კაცი ცხოვრობდა, ხოლო 2014 წლის აღწერის მიხედვით დაცლილია მუდმივი მოსახლეობისგან.

ქოროღოს კომპლექსი - მდებარეობს სოფლის სამხრეთით. იგი აერთიანებს ზურგიან კოშკს, ღვთისმშობლის ეკლესიას, მცირე სამლოცველოს, აკლდამასა და დაზიანებულ ნაგებობებს. კოშკს აღმოსავლეთ ფასადზე აქვს ასომთავრული წარწერა. ღვთისმშობლის ეკლესიის დასავლეთ ფასადზე კი გამოსახულია ეკლესიის მშენებლობის პროცესი. კომპლექსი თარიღდება X-XI საუკუნით. 2006 წელს კომპლესს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

სოფელი ბენიან-ბეგონი - მდებარეობს მდინარე ხადისწყლის მარცხენა ნაპირას. 2002 წლის სტატისტიკური მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 65 კაცი, ხოლო 2014 წლის მონაცემებით 12 მოსახლე.

ხადიჯვრის ეკლესია - მდებარეობს სოფელ ბეგონში. დარბაზული ტიპის ეკლესია წარმოადგენს ხადის ხეობის მთავარ სალოცავს. ეკლესიის დასავლეთით მდებარეობს ორსართულიანი სამრეკლო, რომლის ზედა იარუსზე არსებულ წარწერაში აღნიშნული ეკლესია მოხსენიებულია როგორც ,,ხადისა მთორმეწამე“. სამშენებლო წარწერის მიხედვით აგებულია 1908 წელს. 2006 წელს კომპლესს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

სამასი არაგველის ნიში (ხადიჯვრის ეკლესიის მახლობლად)

სოფელი იუხო - მდებარეობს მდინარე ხადისწყლის ხეობაში. ძირითადად სახლობენ ირიაულები, სისაურები და მძელურები. სოფლის თავში დგას ზურგიანი კოშკი, რომელსაც ირიაულების კოშკს ეძახიან. 2002 წლის სტატისტიკური მონაცემებით სოფელში 12 მოსახლე ცხოვრობდა.

სოფელი მუღურე - მდებარეობს მდინარე ხადისწყლის ხეობაში. ამჟამად წარმოადგენს ნასოფლარს, 2002 და 2014 წლების საქართველოს მოსახლოების საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფელი დაცლილია მოსახლეობისგან.

სოფელი როსტიანი - მდებარეობს მთიულეთის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. 1774 წლის სტატისტიკური აღწერის მიხედვით, იგი ხადას ყველაზე პატარა სოფლად არის დასახელებული (2 კომლი). 1926 წლის მონაცემებით სოფელში 21 კაცი ცხოვრობდა, 2002 წლის მონაცემებით კი სოფელში ცხოვრობდა 15 მოსახლე.

როსტიანის მეგალითური კოშკი

სოფელი წკერე - მდებარეობს ხადის წყლის მარჯვენა ნაპირზე. 2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 40 მოსახლე.

წკერეს ყველაწმინდის ეკლესია - მდებარეობს სოფლის ცენტრალურ ნაწილში. ეკლესია დარბაზულია და განეკუთვნება XVIII ს. 2020 წელს იგი შეიტანეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში.

ვეძას ნიში - მდებარეობს ვულკანური წარმოშობის კლდოვან მასაზე, სოფელ ციხიანსა და ნასოფლარ სვიანაანთს შორის. აქვე გამოედინება მინერალური წყალი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში ცნობილია როგორც ვეძის წყალი (მჟავე წყალი). ნიში აგებულია აღნიშნული კლდოვანი მასის თავზე ადრე არსებული დარბაზული ტიპის ეკლესიის ნანგრევებისგან. 2020 წელს იგი შევიდა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში.

მიდელაურების ნასოფლარი - მდებარეობს ხადის წყლის მარჯვენა მხარეს. იგი მოიცავს ქოროღოს ღვთისმშობლის კომპლექსსა და ბუქურთ ნასახლარს შორის არსებულ ტერიტორიას. ნასოფლარი შედგება ზურგიან კოშკის, დარბაზული ეკლესიისა და საცხოვრებელი ნაგებობებიგან. მათგან ყველაზე ადრეულია კოშკი ორი ადამიანის სახის რელიეფური გამოსახულებითა და ასომთავრული წარწერით, რომელიც XI-XII საუკუნეებით თარიღდება. 2020 წელს იგი შევიდა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში. 1926 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით სოფელში 17 მოსალხე ცხოვრობდა. დღევანდელი მდგომარეობით იგი წარმოადგეს ნასოფლარს.

სეთურების ცეცხლისჯვრის კომპლექსი - მდებარეობს სოფელ სეთურნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მაღალი ქედის თავზე. კომპლექსი მოიცავს ზურგიან კოშკს, ეკლესიასა და საცხოვრებელ ნაგებობას. ეკლესია დარბაზულია და თარიღდება IX-X საუკუნით. მის შიდა ფასადზე შემორჩენილია მოხატულობის კვალი. 2019 წელს კომპლექსს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
ჭურულის ციხე - ციხის ნანგრევი მდებარეობს ქოროღოს ღვთისმშობლის კომპლექსსა და სოფელ შარმიანს შორის არსებულ ქედზე. მიეკუთვნება ზურგიანი კოშკის ტიპს. 2020 წელს აღნიშნული ციხე შევიდა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში.
ბიბლიოგრაფია:
-
გვასალია ჯ., გიორგიძე მ.,სურამელაშვილი მ., ჭურღულია ლ., ხადის ხეობა, თბ., 1983, გვ. 25,26, 28-29, 44
-
ზაქარაია პ., არაგვისა და თერგის ხეობა, ისტორიულ-არქიტექტურული გზამკვლევი, თბ., 1972, გვ. 32
-
კახიძე კ., დვალი თ., ზაქარაია პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტომი II, თბ., 2004, გვ. 328-331, 351
-
მაკალათია ს., მთიულეთი, ტფილისი 1930, გვ.11
-
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 07.12.2020 წ. №02/80 ბრძანება კულტურული მემკვდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტების კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ.
-
https://www.geostat.ge/media/20679/2014-wlis-aRweris-ZiriTadi-Sedegebi.pdf
-
https://memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?id=7197
-
https://memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?id=11462
-
https://memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?id=6584
-
https://memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?id=35101
-
https://memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?id=15271
-
https://memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?id=35082