ხადას ხეობა

მკვლევართა გუნდი
პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია ისტორიის დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გელა ქისტაური, რომელიც 2009 წლიდან დღემდე იკვლევს სინკრეტული რელიგიის სააზროვნო სისტემას. 2014 წელს მისი ავტორობით გამოიცა სამეცნიერო მონოგრაფია ,,წარმართული რელიქტი V - X საუკუნეების ქართულ ჰაგიოგრაფიულ მწერლობასა და ხალხურ ქრისტიანობაში“. ავტორს, სამეცნიერო სტატიებში, შესწავლილი აქვს საქართველოს მთიანეთში ქრისტიანობის გავრცელებისა და სინკრეტული რელიგიის მთელი რიგი საკითხები.
2017 წელს რუსთაველის ფონდმა ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დააფინანსა მისი საგრანტო პროექტი (№ YS17_63), რომლის მიხედვითაც განხორციელდა ხადას ხეობაში და ცხავატის თემში მდებარე ,,ცეცხლისჯვრის“ სალოცავების კომპლექსურად შესწავლა და 2021 წელს გამოიცა მონოგრაფიად: ,,მთიულეთის სინკრეტული რელიგიის ისტორიულ-ეთნოლოგიური ნარკვევი (ცეცხლისჯვრის ისტორიულ-ეთნოლოგიური ასპექტები)“.
პროექტის კოორდინატორია ისტორიის მაგისტრი, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის, ისტორიისა და ეთნოლოგიის კოლექციების ხის ფონდის ასისტენტ-კურატორი მარიამ ხინთიბიძე. მისი კვლევის საგანს წარმოადგენს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ყოფაში შემონახული დღეობა-დღესასწაულები და რწმენა-წარმოდგენები, ხალხურ დღეობათა სისტემა და მათი მნიშვნელობა თანამედროვე საზოგადოებაში, ქრისტიანობისა და ხალხური დღესასწაულების ურთიერთმიმართების პრობლემები, მსგავსება-განსხვავებისა და კავშირების ძიება ქრისტიანულ რელიგიასთან.
პროექტის ძირითადი წევრი ისტორიის მაგისტრი და სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის, ისტორიისა და ეთნოლოგიის კოლექციების ლაბორანტი თამარ დიდებაშვილი იკვლევს ქართულ ჩვეულებით სამართალს. შესწავლილი აქვს საქართველოში ჩვეულებითი სამართლის გავრცელების არეალი, მისი ძირითადი მახასიათებლები და ტრადიციული სამართლის თანამედროვე ასპექტები.
პროექტის ძირითად წევრს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების დოქტორანტს, ირაკლი ფერაძეს აქვს მოსახლეობის დეომგრაფიული და სტატისტიკური კუთხით შესწავლისა და კვლევის გამოცდილება. მისი ავტორობით 2018 წელს გამოიცა წიგნი ,,დალის ხეობა - ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი“, რომელშიც დალის ხეობა ავტორს შესწავლილი აქვს გეოგრაფიული, ისტორიული, ეთნოლოგიური, დემოგრაფიული, სოციოლოგიური და სტატისტიკური კვლევის კუთხით. ასევე, ავტორის ყურადღება გამახვილებულია 2008 წელს დალის ხეობიდან დევნილი მოსახლეობის განსახლების არეალზე და მათ სოციალურ - ეკონომიკურ პრობლემებზე.
პროექტის ძირითადი წევრი ოთარ ჟიჟიაშვილი გახლავთ-საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის პროგრამის დოქტორანტი და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი. მას საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნია, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული, ხელნაწერი (ნარატიული, დოკუმენტური) წყაროების გამოვლენის, მათი ანალიზისა და გამოცემის მეთოდიკის შესახებ.