ბედოიძეების ნასოფლარი ხადაში
- khadas kheoba
- Mar 27, 2025
- 1 min read

გადმოცემის მიხედვით, ფშავიდან წამოსული ბედოიძეების წინაპარი ,,გაბიდაური“, ხადაში პირველად დასახლებულა ხადისწყლისა და ლაკათხევს შორის მდებარე ხშირი ფოთლოვანი ტყით დაფარულ ,,ნატუსის ქედზე“.
,,ნატუსის ქედზე“ დღესაც კარგად არის შემორჩენილი სახლების ასაშენებლად ხელოვნურად მოჭრილი მიწის შედეგად წარმოქმნილი ჩადაბლებული ადგილები, ხოლო ამ ადგილების სიახლოვეს- ჩრდილო დასავლეთით, ასევე ზედ მთის სერზე შემორჩენილია მიწაში სიპი ქვით ჩაშენებული მომცრო ზომის მართკუთხა ნაგებობის ნაშთი (ზომები: სიგრძე 340 სმ; სიგანე 190 - 200 სმ; სიმაღლე 100-120 სმ), რომელსაც მიწის ზედაპირთან, ზემოდან შემორჩენილი აქვს საკმაოდ მოზრდილი სიპი ქვით გადახურვის ფრაგმენტი.
აღნიშნულ ნაგებობას, თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან ძნელია გამოუცნო ის პირვანდელი ფუნქცია და დანიშნულება, რაც მას გააჩნდა. იგი შეიძლება თავის დროზე აკლდამა ან სულაც სამალავი ყოფილიყო.
ბედოიძეების ძველი ნასოფლარი, გარდა ,,ნატუსის ქედისა“, აგრეთვე შემორჩენილია ,,მზორეს თავზე“-ც. აქაც, მიწის მოჭრის შედეგად შემორჩენილია მოსწორებული საცხოვრებელი ადგილები. ,,ნატუსის ქედიდან“ ,,მზორეს თავი“ ჩრდილო-დასავლეთით მთის დამრეც ქედზე მდებარეობს, რომლიდანაც, ბილიკით ჩასვლა შესაძლებელია ,,სანიავო ქედზე“ კვირაცხოვლის სალოცავის ნიშთან და ნიკოლიანის ნასახლართან.
არსებული მონაცემების მიხედვით, ბედოიძეები ხადაში ჯერ ,,ნატუსის ქედზე“ და ,,მზორეს თავზე“ მოსახლეობდნენ, შემდეგ ადგილის დედის -ღვთისმშობლის ეკლესიის გვერდით რომ მათი ნასოფლარია იქ დასახლებულან, ხოლო აქედან კი, წყლის პრობლემის გამო, დღევანდელ სამოსახლო ადგილას, მდინარე არაგვთან ხადისწყლის შერთვის მიმდებარედ ვაკობზე ჩასახლებულან.
მთხრობელი: ანზორ ნოდარის ძე ბედოიძე (აპკარიანი), 52 წლის. 2024 წ. 11 აგვისტოს.




Comments